თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოს ელჩი აშშ–ში, შესაძლოა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გახდეს, იუწყება ტელეკომპანია GDS.
მინისტრის პოსტი კი, შესაძლოა, მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკანიანმა დაიკავოს.
„საინტერესო ინფორმაციაა. ამის შესახებ ინფორმაცია არა მაქვს. მე ჩემს პოზიციაზე ვმუშაობ“, – განაცხადა ჯანელიძემ.
იმის შესახებ, რომ აშშ–ში საქართველოს ამჟამინდელი ელჩის არჩილ გეგეშიძის თანამდებობიდან გადაყენება იგეგმება, მედიასაშუალებებში მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც ის ინტერვიუსთან დაკავშირებით განმარტებისთვის თბილისში გამოიძახეს. საუბარია ინტერვიუზე, რომელშიც ელჩი ამბობს, რომ ქვეყნის მმართველ გუნდში პრორუსულად განწყობილი ძალები არიან.
გეგეშიძემ ინტერვიუ ახალი ამბების პორტალ netgazeti.ge-ს მისცა. ის დაეთანხმა პორტალის ბლოგერის მოსაზრებას, რომელიც ინტერვიუს უძღვებოდა, რომ მმართველ გუნდში პრორუსული ძალები არიან.