თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წარმომადგენლებს სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში ჩასვლა და აღდგენითი სამუშაოების ადგილზე კოორდინაცია დაავალა.
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში კოკისპირული წვიმისა და სტიქიის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, დაზიანდა სახურავები, ქალაქის ქუჩები, გზები, ინფრასტრუქტურა, ელექტროგადამცემი ხაზები. დაიღუპა შინაური ცხოველები. ვანში რაიონის ტერიტორიის დაახლოებით 80% დაიტბორა.
სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
„პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში, შესაბამისი სამუშაოების ადგილზე კოორდინაციის მიზნით, მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ყველა ზონაში ჩავლენ“, – აღნიშნულია მთავრობის პრეს–ცენტრის განცხადებაში.
სტიქიის გამო გადაიდო ურეკის საკონცერტო დარბაზის „Black Sea Arena" გადმოცემის საზეიმო ცერემონია. 200 მლნ ლარის ღირებულების საკონცერტო დარბაზს ფონდი „ქართუ“ სახელმწიფოს გადასცემს. დღეს გადმოცემის ხელმოწერის ცერემონია უნდა გამართულიოყო.