თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო სეზონი 9 ივლისს გალა-კონცერტით დასრულდება.
საღამო 19:00 საათზე დაიწყება. წარმოდგენა სამი განყოფილებისგან შედგება: ჯორჯ ბალანჩინის ორი ერთაქტიანი ბალეტი "Concerto Barocco" და "Symphony in C", ასევე ფრედერიკ ეშტონის ბალეტი „მარგარიტა და არმანი“.
თავისი დროის ერთ-ერთმა წამყვანმა ქორეოგრაფმა, ინგლისელმა ბალეტმაისტერმა ეშტონმა ბალეტი „მარგარიტა და არმანი ალექსანდრე დიუმას (შვილის) რომანის „ქალი კამელიებით“ მიხედვით ლონდონში 1960 წელს, სპეციალურად თავისი მუზებისთვის — მარგო ფონტეინისა და რუდოლფ ნურიევისთვის შექმნა.
ქართულ სცენაზე ამ დადგმაში მთავარ პარტიებს შეასრულებენ პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი და დასის სოლისტი ფრენკ ტონგერენი.
სეზონის დასრულების შემდეგ, 16 ივლისს ნინო ანანიაშვილის საბალეტო დასი ჯექსონში (აშშ), მესამე საერთაშორისო საბალეტო კონკურსზე გრან-პრის მიღების 30 წლის საიუბილეო ზეიმზეა მიწვეული.
აშშ-ში თბილისის თეატრი წარადგენს ბალანჩინის ბალეტებს, ასევე დადგმას „საგალობელი“, „მარგარიტა და არმანი“. ამის შემდეგ ნინო ანანიაშვილის პერსონალურ გამოსვლას იაპონიაში ელოდებიან.
მომდევნო, 165-ე სეზონი სექტემბერში, ადოლფ ადანის მუსიკაზე შექმნილი „ჟიზელის“ საპრემიერო ჩვენებით გაიხსნება.