თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. დარიალის ხეობაში საავტომობილო გზაზე, რომელიც ღვარცოფის გამო ჩაკეტილი იყო, ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე.
ტრანსპორტის მოძრაობა 5:30 საათიდან 20:00 საათამდეა დაშვებული. ამასთან, ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის სპეციალური რეჟიმია დაწესებული: აკრძალულია ერთდროულად, ორივე მხრიდან შემხვედრი მიმართულებით სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ტრანსპორტის გადაადგილების პროცესს საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი აკონტროლებს.
საქართველოს სამხედრო გზის გახსნა ჯერ კიდევ ორშაბათს იგეგმებოდა, მაგრამ გადაიდო, რადგან გარემოს დაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 4 – 7 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი რაოდენობის ნალექი, რამაც მეწყერული და ღვარცოფული პროცესები შეიძლება განაპირობოს.
კოკისპირული წვიმებისა და ღვარცოფის გამო 23 ივნისს მდინარე თერგმა კალაპოტი შეიცვალა და საქართველოს სამხედრო გზის 134-ე–135-ე კმ-ზე მონაკვეთი მთლიანად წალეკა.
ღვარცოფის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება სტიქიური უბედურების შედეგების აღმოფხვრას დაუყოვნებლივ შეუდგა. სპეციალისტები ადგილზე 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ.
ტრაილერების მძღოლებს, რომლებსაც მალფუჭებადი პროდუქტები გადაჰქონდათ რუსეთის მიმართულებით, აზერბაიჯანის გავლით ალტერნატიული გზა შესთავაზეს.
გარდა ამისა, ხილ-ბოსტნეული, რომელიც რუსეთში სომხეთიდან 55 სატვირთო ავტომობილით გადაჰქონდათ, საზღვაო გზით გაგზავნეს.
საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით გატარებული ზომების შედეგად დარიალის ხეობაში ე.წ. საცობი აღარ არის.
.