თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. „ყაზბეგი-ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამტარი პუნქტისკენ მიმავალი გზა არ გაიხსნება, სანამ მეწყერისა და ღვარცოფის საშიშროებაა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებგვერდზე.
საქართველოს სამხედრო გზის გახსნა ჯერ კიდევ ორშაბათს იგეგმებოდა, მაგრამ გადაიდო, რადგან გარემოს დაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 4 – 7 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი რაოდენობის ნალექი, რამაც მეწყერული და ღვარცოფული პროცესები შეიძლება განაპირობოს.
„აღნიშნული პროგნოზის გათვალისწინებით, შესაძლო რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება დარიალის ხეობაში, საგზაო მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით. მოძრაობა აღდგება მას შემდეგ, რაც შესაბამისი კომპეტენციის უწყებები მეტეოროლოგიური და გეოლოგიური თვალსაზრისით გამორიცხავენ აღნიშნული რისკების დადგომის შესაძლებლობას”, — აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
კოკისპირული წვიმებისა და ღვარცოფის გამო 23 ივნისს მდინარე თერგმა კალაპოტი შეიცვალა და საქართველოს სამხედრო გზის 134-ე–135-ე კმ-ზე მონაკვეთი მთლიანად წალეკა.
ღვარცოფის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება სტიქიური უბედურების შედეგების აღმოფხვრას დაუყოვნებლივ შეუდგა. სპეციალისტები ადგილზე 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ.
ტრაილერების მძღოლებს, რომლებსაც მალფუჭებადი პროდუქტები გადაჰქონდათ რუსეთის მიმართულებით, აზერბაიჯანის გავლით ალტერნატიული გზა შესთავაზეს.
გარდა ამისა, ხილ-ბოსტნეული, რომელიც რუსეთში სომხეთიდან 55 სატვირთო ავტომობილით გადაჰქონდათ, საზღვაო გზით გაგზავნეს.
საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით გატარებული ზომების შედეგად დარიალის ხეობაში ე.წ. საცობი აღარ არის.