თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. მაშინ როდესაც ქართველი ჯარისკაცები ტერორიზმს ებრძვიან, პოლიტიკოსები ურთიერთბრალდებებით არიან დაკავებულნი და დავიწყებული აქვთ პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე, განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
„საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავს არიდებდა უკრაინელი მაღალჩინოსნის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული, საქართველოს სახელმწიფოზე თავდამსხმელი განცხადებების კომენტირებას, თუმცა პოლიტიკურ ტაქტსაც აქვს ზღვარი”, — თქვა მიშველაძემ.
ბოლო დროს საქართველოში ცხარე კამათი მიმდინარეობს ახმედ ჩატაევის გამო, რომელიც მედიის მტკიცებით შესაძლოა სტამბოლის აეროპორტში 28 ივნისს მომხდარ ტერაქტთან იყოს დაკავშირებული. რამდენიმე წლის წინ ჩატაევი დააკავეს საქართველოში ტყვია-წამლის უკანონო შენახვის ბრალდებით, მაგრამ იგი სასამართლომ გაამართლა.
„მაშინ როდესაც ქართული სახელმწიფო და ქართველი ჯარისკაცები ტერორიზმს ებრძვიან არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმით, მონაწილეობენ საერთაშორისო მისიებში, ანტიტერორისტულ ოპერაციებში, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი წევრები დაკავებული არიან ერთმანეთისკენ თითის გაშვერით და უსაგნო ურთიერთბრალდებებით“, — თქვა მიშველაძემ.
მანამდე საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ამჟამად ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გააკრიტიკა „ქართული ოცნება“ ჩატაევის განთავისუფლებისათვის. თავის მხრივ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის დროს ჩატაევი ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.
„მათ (პოლიტიკოსებს — რედ. შენ) ავიწყდებათ, რომ სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობა აქვთ და პოლიტიკურ დღის წესრიგზე ზრუნვაში ლაპარაკობენ იმაზე მეტს, ვიდრე სათქმელია, რითიც ზიანს აყენებენ, პირველ რიგში, ქართულ სახელმწიფოს“, — აღნიშნა მიშველაძემ.
საქართველოში ჩატაევი დააპატიმრეს ლოპოტას ხეობაში ბოევიკების დაკავების სპეცოპერაციის დროს. მაშინ მას ბრალი დასდეს ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარებაში, რადგან გამოძიების ვერსიით, ჩატაევს 2 ხელყუმბარა აღმოაჩნდა თან.
ჩატაევის დაკავების შემდეგ, რუსეთმა ქართულ მხარეს მისი სამშობლოში ექსტრადიციის თხოვნით მიმართა, რაზეც ქართულმა მხარემ უარი განაცხადა. მაშინ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ჩეჩნური წარმოშობის რუსეთის მოქალაქეთა ექსტრადიციის ტრადიცია უნდა დასრულდეს.