თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საქართველოს მაშტაბით ენტომოლოგიურ მონიტორინგს მუდმივად ახორციელებს და აღნიშნავს, რომ ამჟამად თბილისში, კერძოდ, კუს ტბის ტერიტორიაზე საშიში მწერები არა რიან.
ზიკას ვირუსის გადამტანი კოღოების გაჩენის თავიდან ასარიდებლად, აღმოსავლეთ საქართველოს ტბებსა და მდინარეებში გამბუზიის სახეობის თევზს მოაშენებენ, რომლებიც მწერებს წარმატებით ანადგურებენ.
იმის გამო, რომ დღეს კუს ტბაში გამბუზიები გაუშვეს, დედაქალაქის მოსახლეობას კითხვები გაუჩნდა.
„დენგეს, ზიკას და ჩიკუნგუნიას ვირუსის გადამტანები კუს ტბის მიდამოებში არ ბინადრობს. არანაირი მასალა არ მოგვეპოვება, რომ ადრე ვინმეს დაეფიქსირებინა ამ კოღოების არსებობა”, — აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
გამბუზიის სახეობის თევზები საქართველოში 1925 წელს იტალიიდან ექიმმა ნიკოლოზ რუხაძემ მალარიასთან ბრძოლისთვის შემოიყვანა. გამბუზია ძალიან კარგად შეეგუა საქართველოს ბუნებას და გავრცელებულია ყველგან, სადაც წყალსატევები ზამთარში არ იყინება.
გამბუზია მტკნარი წყლის, ცოცხლადმშობი პეცილიისებრთა ოჯახის თევზია. მისი სამშობლოა ჩრდილოეთ ამერიკა. ამჟამად, კოღოებთან ბრძოლისთვის, მთელი მსოფლიოს მტკნარ წყლებშია მოშენებული.
ეს პატარა თევზები იმითაა ცნობილი, რომ იკვებება კოღოს მატლებითა და ჭუპრებით, მცირე ზომის წყლის ცხოველებით, სხვა თევზების ქვირითით, საკუთარი ლიფსიტებითაც კი.