თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გიგი წერეთელის კანდიდატურას ეუთოს საპარლამენტოს ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე მხარი არ დაუჭირა.
ხმებს პლენარული სხდომის შედეგების მიხედვით შუადღემდე დაითვლიან. გიგი წერეთელი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდანაა“, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტია.
„მე საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები მქონდა ლიბერალ-დემოკრატების ფრაქციასთან და მათთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ უკეთესი იქნება, თუ მომავალი წლის განმავლობაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კრისტინ მუტონენი, ასამბლეის ავსტრიელი ვიცე-სპიკერი იქნება. და ეს კარგი იქნება როგორც ეუთოსთვის, ისე საქართველოსთვის“, — განაცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან.
მან იმედი გამოთქვა, რომ წერეთელის გამარჯვების შემთხვევაში, მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები არ დაიწყებენ ისეთი განცხადებების გაკეთებას, რომელიც საქართველოს ავნებს და რომელიც საქართველოსა და ეუთოს სამომავლო ურთიერთობებზე დადებითად არ აისახება.
გიგი წერეთელის კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე თებერვლის ბოლოს „ევროპის სახალხო პარტიამ“ წამოაყენა.
აღნიშნულ პოსტზე ქართველი კანდიდატურისადმი მხარდაჭერა რუსული დელეგაციის წარმომადგენელმა, ნიკოლაი კოვალიოვმა გამოხატა. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ვოლსკიმ კი რუსეთის დელეგაცია „ევროპულ სახალხო პარტიასთან“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში დაადანაშაულა.
თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია 1 ივლისს გაიხსნა, ღონისძიება მუშაობას სამშაბათს დაასრულებს.