თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა წინასწარმეტყველის მეჩეთის მახლობლად საუდის არაბეთის ქალაქ მედინაში. აფეთქების შედეგად უსაფრთხოების სამსახურის ოთხი თანამშრომელი დაიღუპა, კიდევ ოთხი სერიოზულად არის დაჭრილი, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ არაბულ სატელიტურ არხ „ალ-ხადასზე“ დაყრდნობით.
ტელეარხის ინფორმაციით, თვითმკვლელმა თავი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შორის აიფეთქა, სპეცდანიშნულების ავტომანქანების სადგომზე, მეჩეთის სამხრეთ შესასვლელის მახლობლად. ეს მაშინ მოხდა, როცა თანამშრომლები მარხვის შემდეგ ვახშმობდნენ.
წინასწარმეტყველის მეჩეთში მედინაში დაკრძალულია წინასწარმეტყველი მუჰამედი. რამადანის დღესასწაულის დროს, რომელიც ოთხშაბათს სრულდება, მას ათასობით მომლოცველი სტუმრობს. მედინის ხელისუფალთა ცნობით, რამადანის მსვლელობისას, მუსულმანთათვის მექის შემდეგ მეორე წმინდა ქალაქში, ორი მილიონი მომლოცველი იმყოფებოდა.
მანამდე აფეთქება ქალაქ ელ-კატიფის მეჩეთში მოხდა სამეფოს აღმოსავლეთით, სადაც ასევე თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. წინასწარი მონაცემებით, ტერაქტის შედეგად არავინ დაშავებულა.