როდის გაიხსნება საქართველოს სამხედრო გზა?

გამოწერა
დარიალის ხეობაში ძლიერმა წვიმამ საავტომობილო გზის გახსნა შეაფერხა.

თბილისი, 4 ივლისი —  Sputnik. დარიალის ხეობაში საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გახსნა, რომელიც დღეს, 17:00 საათზე იყო დაანონსებული, ძლიერი წვიმის გამო გადაიდო.

კოკისპირული წვიმებისა და ღვარცოფის გამო 23 ივნისს მდინარე თერგმა კალაპოტი იცვალა და საქართველოს სამხედრო გზის 134-ე–135-ე კმ-ზე მონაკვეთი მთლიანად წალეკა.

დარიალის ხეობა - Sputnik საქართველო
ვითარება დარიალის ხეობაში

„ჩვენ ყველაფერი მზად გვქონდა, მაგრამ ძლიერი წვიმის გამო გზის გახსნას ვერ ვახერხებთ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც“, — ციტირებს სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრეს-სამსახურის თანამშრომლის ხათუნა პაიჭაძის სიტყვებს.

მას შემდეგ, რაც გზა გაიხსნება, მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის აღდგება, თუმცა გადაადგილებას ისინი სპეციალური რეჟიმით შეძლებენ.

ღვარცოფის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება სტიქიური უბედურების შედეგების აღმოფხვრას დაუყოვნებლივ შეუდგა. სპეციალისტები ადგილზე 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ.

ტრაილერების მძღოლებს, რომლებსაც მალფუჭებადი პროდუქტები გადაჰქონდათ რუსეთის მიმართულებით, აზერბაიჯანის გავლით ალტერნატიული გზა შესთავაზეს.

გარდა ამისა, ხილ-ბოსტნეული, რომელიც რუსეთში სომხეთიდან 55 სატვირთო ავტომობილით გადაჰქონდათ, საზღვაო გზით გაგზავნეს.

საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით გატარებული ზომების შედეგად დარიალის ხეობაში ე.წ. საცობი აღარ არის.

ყველა ახალი ამბავი
0