თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ბოლო ორი კვირის განმავლობაში თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში ძლიერი მზის დამწვრობით 60 პაციენტი მოხვდა, განუცხადა Sputnik-ს ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.
მათგან რვა სტაციონარულ მკურნალობას გადის, ორი რეანიმაციულ განყოფილებაშია, ექვსი — ქირურგიულში, დანარჩენები უკვე გაეწერნენ. ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აღნიშნა მან.
„ყველაზე პატარა პაციენტი სამი წლისაა, დიდი — 22-ის. მზის დამწვრობის სტატისტიკა წელს, გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს ადამიანები, ძირითადად, მზეზე დიდხანს ყოფნის გამო დაიწვნენ. სტატისტიკა ნამდვილად საგანგაშოა, ეს ხომ ისეთი ტრავმაა, რომლის თავიდან არიდებაც თავისუფლად შეიძლება, თუ ყურადღებით ვიქნებით“, — აღნიშნა ქაშიბაძემ.
დამწვრობის ცენტრში მკურნალობს 13 წლის გოგონაც, რომელმაც გარუჯვის წინ ლეღვის წვენი ხელებსა და ფეხებზე წაისვა.
„მან სხეულის 30%-ის მე-2-მე-3 ხარისხის დამწვრობა მიიღო. ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია. ეს ამ სეზონზე პირველი შემთხვევაა“, — განაცხადა ქაშიბაძემ.
ექიმი გვირჩევს – მზეზე 11-დან 16 საათამდე არ გავიდეთ, ხოლო ლეღვი გამოვიყენოთ მხოლოდ საკვებად და არა გარუჯვის საშუალებად.
„მესმის, რომ რეგიონში საუკეთესო დამწვრობის ცენტრი გვაქვს, მაგრამ, მერწმუნეთ, ჩვენი ცენტრის ამგვარად გასაცნობად ტრავმის მიღება არ ღირს“, — აღნიშნა სპეციალისტმა.
გასულ წელს ლეღვის ნახარშის გამოყენების შემდეგ ცენტრში დაახლოებით 15 ადამიანი მოხვდა. ესენი, ძირითადად, მოზარდები იყვნენ, მაგრამ ერთი პაციენტი 60 წლის იყო, აღნიშნა ქაშიბაძემ.
ლეღვის ნახარშის წასმის პრაქტიკა საქართველოში 2011 წლიდან გავრცელდა. ეს ყოველ ჯერზე ჰოსპიტალიზაციით მთავრდება.
ექიმის განცხადებით, მისი პაციენტები, ლეღვის ნახარშის გარდა, იყენებდნენ ასევე სხვადასხვა ნახარშს წიწაკის, ლუდის, ყავის, სოდის, სტაფილოს გამოყენებით, რაც არ შეიძლება.