თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. გურიის ერთერთი ყველაზე ცნობილი შავი ზღვის კურორტი გრიგოლეთი ახალი ტურისტული სეზონისთვის მზად არის. ადგილობრივმა ხელისუფლებამ 15-კილომეტრიანი სანაპიროს ტეროტორიის დასუფთავება უკვე დაასრულა. ამჟამად გრიგოლეთში 11 სასტუმრო ფუნქციონირებს, ასევე საოჯახო ტიპის ბევრი სასტუმრო.
სანაპიროს დიდი ნაწილი ფიჭვნარით არის დაფარული. გრიგოლეთის სანაპირო მაგნიტური ქვიშისგან შედგება, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა სახსრების დაავადებების და რევმატიზმების დროს. მაგნიტური ქვიშა ადამიანის იმუნიტეტსა და ნერვულ სისტემაზე კარგად მოქმედებს, ასევე ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს. ასევე კურორტის ტერიტორიაზე გრიგოლეთის ტბა მდებარეობს.
გრიგოლეთში სუბტროპიკული კლიმატია და ყველაზე თბილი წყალია, ჰაერის ტემპერატურა ზაფხულში 25-დან 35 გრადუსამდე მერყეობს.
ფიჭვნარისა და ზღვის ბრიზის გამო აქ არ არსებობს დამქანცველი სიცხე.
სხვათა შორის, შავი ზღვის მაგნიტური ქვიშები ჯერ კიდევ XIX საუკუნეში პოპულარული გახდა, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებისგან იკურნებოდა. ამის შემდეგ მაგნიტური ქვიშის სამკურნალო თვისებებით მეცნიერები და ექიმები დაინტერესდნენ.