თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. სულხან მოლაშვილი თბილისში ჩამოასვენეს. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე 47 წლის ასაკში, პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში 29 ივნისს გარდაიცვალა.
მოლაშვილის ახლობლების ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა და მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. თუმცა კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
სულხან მოლაშვილი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ტანხის მითვისების ბრალდებით 2004 წელს დააკავეს. მისი დაკავებიდან მოკლე ხანში საზოგადოება შოკში ჩააგდო წინასწარი დაკავების საკანში გადაღებულმა ფოტოებმა, რომლებზეც ნაწამები მოლაშვილი იყო აღბეჭდილი.
მოგვიანებით მის საქმეზე სასამართლო მოსმენები დაიწყო. მოლაშვილის აზრით, მაშინდელი გენერალური პროკურორის, ირაკლი ოქრუაშვილის საბრალდებო დასკვნა ტყუილზე იყო აგებული, მაგრამ მოსამართლე მურუსიძემ 2005 წელს მოლაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კონტროლის პალატის ექს-თავმჯდომარემ საპყრობილეში სამი წელი გაატარა. 2008 წელს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის თხოვნის საფუძველზე, მოლაშვილი შეიწყალა.