თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საერთო კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ მომზადებულ ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირეს, იუწყება საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური.
87-პუნქტიან რეზოლუციის პროექტში საქართველოს მხარემ 4 ცვლილება წარმოადგინა, რომლითაც საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ფედერაციას დაბეჯითებით მოუწოდებს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი შეთანხმება; საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, უზრუნველყოს ჰუმანიტარული ტვირთის თავისუფლად გადაადგილების ხელშეწყობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში; ხაზს უსვამს საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთოს როლის გაძლიერებას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატში; სთავაზობს მონაწილე სახელმწიფოებს გაააქტიურონ საერთაშორისო დიალოგის მექანიზმები საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რეზოლუციის პროექტის განხილვა დებატების ფორმატში წარიმართა და პროექტის თითოეული პუნქტის მომხრე და საწინააღმდეგო განცხადებები გაკეთდა.
კომიტეტის მორიგი სხდომა ხვალ 09.00 საათზე გაიმართება. ხვალინდელ სხდომაზე ქართული მხარის მიერ მომზადებული — “კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა იგეგმება, რომელსაც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი წარადგენს.