თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი პაპუნა დავითაია ნატო-ს ანტიტერორისტულ ოპერაციაში — „აქტიურ ძალისხმევა“ მონაწილეობისათვის მედლით დაჯილდოვდა, იუწყება შს სამინისტრო.
ოფიცერი დავითაია ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდალმა, ვიცე-ადმირალმა კლაივ ჯონსტონმა დააჯილდოვა.
„აქტიური ძალისხმევის“ ოპერაციის ამოცანაა ხმელთაშუა ზღვაში, ჰიბლარტარის სრუტესა და მის მიმდებარე საზღვაო სივრცეში ტერორისტული აქტების განხორციელების ნებისმიერი მცდელობის პრევენცია, გამოვლენა და აღმოფხვრა.
დავითაია ნატო-ს მუდმივმოქმედ შენაერთში 2014 წლიდან მსახურობს. ანტიტერორისტულ ოპერაციაში საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელთა მონაწილეობის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს შსს-მ და ნეაპოლის საზღვაო ძალების გაერთიანებული სარდლობის შტაბმა 2010 წლის 28 აპრილს მოაწერეს ხელი.
ნატო-ს მუდმივმოქმედ შენაერთში ალიანსის პარტნიორი ქვეყნებიდან მეკავშირე-ოფიცრის განთავსება უპრეცედენტო შემთხვევაა, რაც ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარებაზეა ორიენტირებული, აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.