თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. რიო–დე–ჟანეიროს 31–ე ზაფხულის ოლიმპიადაზე საქართველო მედლების კუთხით მაჩვენებლის გაუმჯობესებას ვარაუდობს, განუცხადა Sputnik–ს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა.
„მედლების გეგმა, როგორც ასეთი, არ გვაქვს. მაგრამ რიოს თამაშებზე თავისუფლად შეგვიძლია, ხუთი–ექვსი ოქროს მედლისთვის ვიბრძოლოთ. ამჟამინდელ ოლიმპიურ გუნდში რამდენიმე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და ორი ოლიმპიური ჩემპიონია. ასე რომ, ეს სრულებით რეალურია. ნებისმიერ შემთხვევაში, წინა ოლიმპიადებთან შედარებით, ჩვენი მედლების მაჩვენებლის გაუმჯობესებას ვვარაუდობთ“, – აღნიშნა ზენაიშვილმა.
ყველაზე მეტი მედალი საქართველომ ლონდონის თამაშებზე 2012 წელს მიიღო. მაშინ ქართველმა სპორტსმენებმა შვიდი მედალი მოიპოვეს: ერთი ოქრო და სამ–სამი – ვერცხლი და ბრინჯაო.
რაც შეეხება ოქროს ჯილდოს, პეკინში საქართველოს ნაკრებმა სამი ოქრო მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენებმა სულ ექვსი ჯილდო მიიღეს.
რიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრები სპორტის 12 სახეობაში 38 სპორტსმენით არის წარმოდენილი.