თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. ორი ქართველი კინორეჟისორის ნამუშევრები ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოხვდა. ფესტივალი 15–23 ივლისს გაიმართება, აღნიშნულია საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრის ვებგვერდზე.
კინოფორუმზე ასევე წარადგენილი იქნება ფილმები საფრანგეთიდან, ბრაზილიიდან, პორტუგალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან, ლიბანიდან, კატარიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სპეციალური ჩვენებები, გალა–პრემიერები, ეროვნული და საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა სრულ და მოკლე მეტრში. ასევე წარმოადგენენ უკრაინულ რეტროსპექტივას.
თანამედროვე ქართული კინო ორ კატეგორიაში იქნება წარმოდგენილი: საერთაშორისო პროგრამაში და ევროპული დოკუმენტური ფილმების კონკურსზე.
საერთაშორისო პროგრამაში მოხვდა რუსუდან გლურჯიძის ფილმი „სხვისი სახლი“. ფილმი საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის კოპროდუქციაა. მთავარ როლებს სალომე დემურია, ზურაბ მაღალაშვილი, ია სუხიტაშვილი, ოლგა დიხოვიჩნაია,ეკატერინე ჯაფარიძე და საბინა ახმედოვა ასრულებენ.
ფილმი ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ. ომი ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძელდება.
"სხვისი სახლი" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომლის მსოფლიო პრემიერაც კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგება, სადაც ფილმი ასევე საკონკურსო პროგრამაში იღებს მონაწილეობას.
მეორე– ესაა თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი "მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე", რომელიც საქართველოსა და გერმანიის ერთობლივი ნაწარმოებია.
ოდესის კინოფესტივალი პირველად 2010 წელს გაიმართა.