საქართველო ეფექტურად ებრძვის ტრეფიკინგს

გამოწერა
საქართველო ისევე როგორც ავსტრია, ბელგია, კანადა, დანია, ფინეთი და ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები, ეფექტურად ებრძვის ტრეფიკინგს.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2016 წლის ანგარიშის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლისათვის გატარებული ღონისძიებებით საქართველო ყველაზე წარმატებულ ქვეყნებს შორის მოხვდა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე  საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. 

„საქართველომ 1-ლ კალათაში გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და მთავრობა სისტემატურად ახორციელებს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს», — განაცხადა წულუკიანმა. მისი თქმით,  ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით საქართველო ადგილს იკავებს ევროკავშირის ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა: ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, კანადა, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, ლიტვა, ჩეხეთი, პოლონეთი და სხვა.

საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველომ ტრეფიკინგთან ბრძოლის ძალისხმევა გაზარდა

აშშ-ის სახელმწიფო ანგარიშში პოზიტიურად ფასდება როგორც ტრეფიკინგის შემთხვევების გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, ისე პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და თანამშრომლობის კუთხით გატარებული ქმედებები. აღნიშნულია, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“ ითვალისწინებს საკმაოდ მკაცრ სანქციებს ტრეფიკინგის დანაშაულისთვის, რაც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია და პოზიტიურად ხაზგასმულია ტრეფიკიორების მიმართ მკაცრი სასჯელების გამოყენების პრაქტიკა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საკანონმდებლო ბაზის განვითარებას, კერძოდ, მიგრაციის შესახებ კანონის მიღებას, მიგრაციის 2016-2020 წლების სტრატეგიისა და 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცებას, რომლებიც არალეგალურ მიგრაციასა და ტრეფიკინგთან ბრძოლის საკითხებსაც მოიცავს.

აშშ პოზიტიურად აფასებს კანონს მიუსაფარი ბავშვების შესახებ, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და რომელიც უკვე დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა. კანონი სხვა საკითხებთან ერთად ეფექტურად იცავს ქუჩაში მცხოვრებ ან/და მომუშავე ბავშვებს ძალადობისა და ტრეფიკინგისაგან. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროგრესი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში უწყებათაშორისი საბჭოს ეფექტური მუშაობის შედეგია, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და რომლის შემადგენლობაში შედიან ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ტრეფიკინგის კუთხით განხორციელებული ღონისძიებების მიხედვით ყოველწლიურად მსოფლიოს 188 სახელმწიფოს აფასებს. შეფასება ისეთ ძირითად კომპონენტებს ეფუძნება, როგორიცაა: სახელმწიფოს მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა, დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი დევნა და ტრეფიკინგის კუთხით პარტნიორობა მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.

საქართველოს 2013 წლიდან 2016 წლამდე ადგილს იკავებდა მეორე კალათში. განხორცილებული რეფორმების და შესრულებული რეკომენდაციების შედეგად, 2015 წელს ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა.


ყველა ახალი ამბავი
0