თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში ახალი ეპოქა იწყება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
ევროკავშირმა და საქართველომ 2014 წლის ივლისში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ასოცირების შესახებ, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. დღეს დოკუმენტი ოფიციალურად ამოქმედდა.
„დღეს ძალაში სრულად შევიდა ასოცირების ხელშეკრულება. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში თვისებრივად ახალი ეპოქა იწყება, რაც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია… ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ სწორედ ეს არის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საუკეთესო გზა», — განაცხადა კვირიკაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაა.
„გამოვთქვამთ იმედს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება“, — განაცხადა პრემიერმა.