თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. შეთანხმება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ დღეს ოფიციალურად ამოქმედდა.
დოკუმენტი ძალაში შევიდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭომ 23 მაისს შეთანხმების რატიფიკაციის პროცედურის დასრულების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. რატიფიკაცია შრომატევადი პროცესი იყო და ორ წელიწადზე ცოტა ნაკლები პერიოდი გაგრძელდა. მასში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტი, ევროკავშირის 28 ქვეყანა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოები.
„დღეიდან, ოფიციალურად ამოქმედდა ხელშეკრულების ყველა დებულება და საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი, რომელიც ევროპული პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტების დანერგვას გულისხმობს, შეუქცევადად და სრულმასშტაბიანად წარიმართება”, — აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ეს ქვეყნისთვის უზარმაზარი მიღწევაა. შეთანხმება, რომელიც პირობითად ძალაში 2014 წლის სექტემბერში შევიდა, ახლა სრულად ამოქმედდა, უკვე მოიტანა დადებითი შედეგები, მათ შორის — ეკონომიკური, აღნიშნა ჯანელიძემ.
ევროკავშირმა და საქართველომ 2014 წლის ივლისში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ასოცირების შესახებ, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
მას შემდეგ საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის მოთხოვნების შესრულებაზე მუშაობა დაიწყო.