თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. თელავში გუშინ, დღის ბოლოს ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა და ხეები წააქცია.
ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დაწყვიტა, რის შედეგადაც ქალაქი რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი.
„ამინდის გაუარესებამ ქალაქში პრობლემები შექმნა. მრავალსართულიან კორპუსს სახურავი მთლიანად გადახადა. არის კიდევ რამდენიმე შემთხვევა. მთლიანობაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. საბედნიეროდ, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა“, — განაცხადა თელავის ვიცე-მერმა თემურ თვარელიშვილმა.
მისი სიტყვებით, ღამით მობილიზებული იყო სამაშველო-სახანძრო ბრიგადები, დილიდან კი აღდგენითი სამუშაოები ტარდება. გამომდინარე იქიდან, რომ ქარი ჩადგა, ვითარების გართულება მოსალოდნელი არ არის.
უამინდობამ გარკვეული პრობლემები შექმნა დედაქალაქშიც. კოკისპირულმა წვიმამ თბილისში ცენტრალურ ქუჩებში ტრანსპორტის გადაადგილება შეაფერხა. თუმცა, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, წვიმას სერიოზული პრობლემები არ გამოუწვევია.