თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელიც აუცილებელია საქართველოში უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად, ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდით დაიწყო.
მიმდინარე წელს გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 41,5 ათასმა აბიტურიენტმა გაიარა. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 44 ათასზე მეტი ადგილია.
იმისთვის, რომ სტუდენტი გახდე, წარმატებით უნდა ჩააბარო სამი აუცილებელი საგანი — საერთო უნარები, ქართული ენა და ლიტერატურა და უცხო ენა. გარდა ამისა, ერთი გამოცდა არჩევითია.
გამოცდების ცხრილის თანახმად, 1-2 ივლისს ჩატარდება გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, 4-5 ივლისს – საერთო უნარებში, 6-7 ივლისს – უცხო ენაში.
სამოქალაქო განათლების გამოცდა 12 ივლისს შედგება, მათემატიკაში — 14 ივლისს, გეოგრაფიაში — 15 ივლისს, ისტორიაში — 18 ივლისს, ლიტერატურაში — 19 ივლისს, ბიოლოგიაში — 20 ივლისს, სახვით ხელოვნებაში, ქიმიასა და ფიზიკაში — 21 ივლისს.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 21 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადაწყვიტა, გამოყოს დამატებით სამარშრუტო ავტობუსები, რომლებიც თბილისის გარეუბნებში განლაგებულ საგამოცდო ცენტრებამდე ივლიან.