თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. აჭარაში წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დავალების თანახმად, დამატებითი სახსრები გამოიყოფა. „
სამშაბათს საღამოს, კოკისპირული წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა შუახევისა და ქედის რაიონებში დაანგრიეს ხიდები, დატბორეს საცხოვრებელი სახლები, დააზიანეს გზები, ელექტროგადამცემი ხაზები.
„უფრო ცუდი მდგომარეობაა შუახევში, იქ ოთხი ხიდია წაღებული და ოთხი სოფელია მოწყვეტილი გარე სამყაროს. დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მაღალი გავლადობის მანქანებისთვის შემოვლითი გზა არის“, — განაცხადა რეგიონული განვითარების მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა მთავრობის სხდომაზე.
წყალდიდობის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია, აჭარა ამას თავისი ძალებით აკეთებს, რეგიონული განვითარების სამინისტრო მხოლოდ საინჟინრო დახმარებას უწევს, აღნიშნულია მთავრობის ვებგვერდზე.
ზემო აჭარის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება სრულად ოთხშაბათს საღამოს აღუდგა. ელექტროგადამცემი ხაზები სამშაბათს ღამით ჩამოწოლილმა მეწყერმა დააზიანა. ამის გამო უშუქოდ იყო დარჩენილი შუახევში 2,1 ათასი და ქედაში — 1,8 ათასი აბონენტი.