თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ“ სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რომ მისი რეიტინგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგზე ორჯერ მეტია.
„ერთი თვის წინ ჩატარებული კვლევის თანახმად, „ნაცმოძრაობა“ ასეთ თანაფარდობაშია „ქართულ ოცნებასთან“: „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა 30%-მდე, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 15%-მდე. ახლა „ნაცმოძრაობას“ 13% აქვს, ხოლო „ქართულ ოცნებას“ – 35%. ასეთია განსხვავება და ეს რეალობაა“, — განაცხადა სოციოლოგმა ზურაბ ბიგვავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.
მკვეთრად გაიზარდა და გამყარდა პრემიერ-მინისტრის, პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერის გიორგი კვირიკაშვილის რეიტინგი, აღნიშნა სოციოლოგმა.
„კვირიკაშვილის რეიტინგი ბაქრაძის (ენმ-ის სიის პირველი ნომერი — რედ.) რეიტინგზე ორჯერ დიდია. თუ კვირიკაშვილს 42% აქვს, ბაქრაძეს — 21%-ზე ცოტა მეტი“, — განაცხადა ბიგვავამ.
სოციოლოგი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ 35%-ზე მეტი ხმის მიღება შეუძლია, რადგან პარტიას წინასაარჩევნო კამპანია ჯერ არ დაუწყია.
„შიდა კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 65% თვლის, რომ 2016 წლის საპარლამეტო არჩევნებში გამარჯვებას პარტია „ქართული ოცნება“ მოიპოვებს”, — აღნიშნა ბიგვავამ.
პარტიების რეიტინგი სამშაბათს გამოაქვეყნა ტელეკომპანია „რუსთავი2“-მაც, რომელიც ენმ-სთან ასოცირდება. გამოკითხვა მისი დაკვეთით მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა კვლევითმა კომპანია GFK-მ ჩაატარა. კვლევის შედეგებით, მმართველ ძალას უპირატესობას გამოკითხულთა 30,5% ანიჭებს. მეორე ადგილზეა „ნაცმოძრაობა“ 28,2%-ით.