თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. იმისათვის, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, უწყებათაშორისი კომისია თვალს მიადევნებს, რომ ჩინოვნიკებმა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დროს ადმინისტრაციული რესურსები არ გამოიყენონ.
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანება კომისიის შექმნის შესახებ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნებში მონაწილეობისთვის განაცხადი 50-მა პარტიამ შეიტანა. აქედან 13 დარეგისტრირდა, სამს კი რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.
უწყებათაშორის კომისიაში შევიდნენ რვა სამინისტროს — შს, ფინანსთა, თავდაცვის, რეგიონული განვითარების, სასჯელაღსრულების, განათლების, ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრების მოადგილეები.
ასევე, კომისიაში წარმოდგენილი არიან მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეები და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე იმუშავებს.
კომისიის მთავარი ამოცანაა, შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები, რათა თავიდან იქნას აცილებული სახელმწიფო მოხელეებისა და ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა.
უწყებათაშორისი კომისია ითანამშრომლებს პარტიებთან და ბლოკებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან.
კომისია შეისწავლის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ასევე პარტიებისა და დამკვირვებლების განცხადებებს შესაძლო დარღვევების შესახებ.
მსგავსი უწყებათაშორისი კომისია საპრეზიდენტო, ასევე ადგილობრივ არჩევნებზეც ფუნქციონირებდა.
წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალებათ საარჩევნო კომისიების წევრებს, მოსამართლეებს, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ჩინოვნიკებს, პროკურატურების, დაზვერვისა და დაცვის სპეციალური სამსახურების წარმომადგენლებს, გენერალურ აუდიტორს, სახალხო დამცველს, უცხოეთის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს, საქველმოქმედო და რელიგიურ ორგანიზაციებს.
სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოების დანარჩენ ჩინოვნიკებს ამა თუ იმ პარტიის აგიტაცია მხოლოდ არასამუშაო საათებში შეუძლიათ. ეს ასევე ეხება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანამშრომლებს.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს აკრძალულია ამომრჩევლის აგიტაცია აღმასრულებელის ხელისუფლების დაწესებულებებში, სამხედრო ნაწილებსა და სასამართლოებში.
სახელმწიფო ან ადგილობრივი ორგანოს წარმომადგენლებს ეკრძალებათ აგიტაცია ან ხელმოწერების შეგროვება მივლინების დროს, ასევე ღონისძიების ჩატარება ამა თუ იმ პარტიის სახელით. ასევე აკრძალული აქვთ ხელქვეითთა გამოყენება პარტიის კანდიდატების წარდგენის დროს.