ვიდეორგოლს „ქუჩის ბავშვების“ შესახებ 47 მილიონზე მეტი ნახვა აქვს

© FB/UNICEF Georgiaბავშვი
ბავშვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ადამიანები უმეთვალყურეოდ დატოვებულ ბავშვებს ქუჩაში ყურადღებას აქცევენ, თუ მათ კარგად აცვიათ.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ქართული განყოფილების მიერ შექმნილ სპეციალურ ვიდეორგოლს, რომელიც საზოგადოების „ქუჩის ბავშვების“ პრობლემისადმი ყურადღების მიქცევას ემსახურება, ამერიკული ინტერნეტ-გამოცემა Nowthis-ის „ფეისბუქის“ გვერდზე 47 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

სოციალური ექსპერიმენტი თბილისში ჩაატარეს, რომლის მიზანიც იყო გამოერკვიათ, რა დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას უმეთვალყურეოდ დარჩენილი ბავშვების მიმართ. ექსპერიმენტის შედეგების მიხედვით გადაღებული ვიდეორგოლი იწყება კითხვით: „თქვენ რას გააკეთებდით თუ ქუჩაში ექვსი წლის გოგონას მარტოს დაინახავდით?“

უპატრონო ბავშვები - Sputnik საქართველო
ხელისუფლება "ქუჩის ბავშვების" განათლების პრობლემას მოაგვარებს

ვიდეორგოლის მთავარი გმირი ექვსი წლის ანანოა. როდესაც გოგონას ლამაზი ტანსაცმელი ჩააცვეს და ქუჩაში დატოვეს, ხოლო შემდეგ კაფეში შესვლა სთხოვეს, მასთან გამვლელები მიდიოდნენ და ეკითხებოდნენ, სად იყო დედამისი და რა ერქვა მას.

როდესაც ანანო დასვრილი სახით და ჭუჭყიან-დაფლეთილი ტანსაცმლით ქუჩაში აღმოჩნდა, მას ყურადღება არავინ მიაქცია, ხოლო როდესაც ის კაფეში შევიდა, იქიდან გამოაგდეს.

სოციალური პროექტი UNICEF-ის გლობალური მოხსენების „ბავშვთა მდგომარეობა მსოფლიოში — 2016“ ფარგლებში განახორციელეს.

UNICEF-ის ბოლო მონაცემებით, საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში დაახლოებით 2 ათასი „ქუჩის ბავშვია“. უახლოეს მომავალში ორგანიზაცია ახალ კვლევას გეგმავს.

„ესაა ერთ-ერთი ყველაზე მარგინალური ბავშვთა ჯგუფები, რომლებიც სხვა ბავშვების მსგავსად ვერ ვითარდებიან. ვეცადეთ ყურადღება მიგვექცია სწორედ სტიგმაზე, რომელიც საზოგადოებაში „ქუჩის ბავშვების“ მიმართ არსებობს. ჩვენი მიზანია ემოციურად ვიმოქმედოთ ადამიანებზე, რომ დაფიქრდნენ. გადააფასონ თავისი საქციელი ამ ბავშვების მიმართ“, — განუცხადა Sputnik-ს UNICEF-ის ქართული განყოფილების კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელმა მაია ქურციკიძემ.

როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია სისტემის შექმნა, რომელიც იზრუნებს იმაზე, რომ ბავშვები ქუჩაში არ მოხვდნენ.

„ქუჩაში ღარიბი ოჯახის, ძალადობის მსხვერპლი ბავშვები გამოდიან. სახელმწიფომ უნდა შეამჩნიოს ასეთი ბავშვები და პრევენციული ზომები გაატაროს, რომ ეს არ ხდებოდეს. არ უნდა დავუშვათ, რომ ბავშვი ქუჩაში მოხვდეს“, — დაასკვნა ქურციკიძემ.

ყველა ახალი ამბავი
0