თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. საქართველო დაინტერესებულია რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების დარეგულირებაში, რამდენადაც ეს ამიერკავკასიის რეგიონში სტაბილურობას შეუწყობს ხელს, განაცხადა Sputnik-თან საუბრისას რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.
დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობას თურქულ მხარესთან სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის აღდგენის საკითხის განხილვა დაავალა. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთისა და თურქეთის პირველი პირების სატელეფონო საუბრის შემდეგ იქნა მიღეული, რომელიც ოთხშაბათს შედგა.
„ეს (რუსეთი და თურქეთი, — რედ.) ორი მსხვილი სახელმწიფოა. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ამ რეგიონში სტაბილურობა იყოს, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების დაძაბულობის გრადუსი დაიწიოს. ყველას კარგად გვახსოვს რამდენიმე თვის წინ ეს გრადუსი რამდენად მაღალი იყო. ყველა განვიცდიდით და მოვლენების განვითარებას ვადევნებდით თვალყურს. ასე რომ, ვფიქრობ, ეს ბუნებრივი რეაქცია და სურვილია, რათა ჩვენს რთულ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს“, — აღნიშნა აბაშიძემ.
რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2015 წლის ნოემბერში თურქულმა გამანადგურებელმა F-16-მა სირიაში რუსული ბომბდამშენი Су-24 ჩამოაგდო.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამას „ტერორისტების ხელშემწყობებისგან ზურგში დარტყმა“ უწოდა. ინციდენტის შემდეგ პუტინმა გამოსცა ბრძანებულება თურქეთის მიმართ ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი ზომებისა და სპეციალური ეკონომიკური ღონისძიებების გატარების თაობაზე.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიაში დაღუპული მფრინავის გამო 28 ივნისს ბოდიში მოიხადა და გარდაცვლილთა ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. გარდა ამისა, ერდოღანმა აღნიშნა, რომ აკნარას მოსკოვთან ურთიერთობების გაფუჭება არ სურდა.