თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში კონრად ადენაუერის ფონდში სიტყვით გამოვიდა და ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ისაუბრა.
გიორგი მარგველაშვილის მეთაურობით საქართველოს დელეგაცია გერმანიაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ოთხშაბათს გაემგზავრა, რომლის ფარგლებშიც მარგველაშვილი გერმანიის პრეზიდენტ იოაჰიმ გაუკსა და კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება.
„დღეს, საქართველო კვლავ არის ამ რეგიონში ძლიერი ქვეყანა, რომელიც იყურება მომავლისკენ დიდი იმედითა და პერსპექტივით და რომლის ძალისხმევაც მიმართულია, ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი. ჩვენი ქვეყანა კავკასიის რეგიონში მდებარეობს და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენს, რომელიც კასპიისა და შავი ზღვის თანამშრომლობას განაპირობებს", — განაცხადა მარგველაშვილმა.
გერმანია — პირველი ქვეყანაა, რომელმაც საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა აღიარა, აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის შეტანილ წვლილს გლობალურ უსაფრთხოებაში.
"თქვენ ალბათ იცით, რომ საქართველო აქტიური კონტრიბუტორია გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაში. ჩვენ ვართ ISAF — ისა და „გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიის“ ნაწილი, ასევე მისიების ნაწილი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკებში და მალიში", — აღნიშნა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის კონრად ადენაუერის ფონდში სიტყვით გამოსვალს დიპლომატიური კორპუსის, ექსპერტთა ჯგუფების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.