თბილისი, 29 ივნისი — Sputnik.საქართველოდან ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ რიგებში საბრძოლველად წასულებს თავიდან რომანტიკა იტაცებთ, ხოლო შემდეგ კი იდეოლოგიის ტყვეები ხდებიან, თვლის ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი, რომელიც ადრე „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებული პანკისელის უფლებებს იცავდა.
„ეს უფრო ფსიქოლოგიური მომენტია ვიდრე პოლიტიკური, მათ სწამთ რომ სამოთხეში ხვდებიან. ეს არის სიცოცხლის არაფრად ჩაგდების რაღაც სენი, ამ სენით შეპყრობილები იქითკენ მიისწრაფიან, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მათი გაგებით იმ დიდი მისის შესრულება, რომელსაც ალაჰის გულისთვის თავის გაწირვა ჰქვია. თავის დროზე რევოლუციონერები იყვნენ ანალოგიური სენით შეპყრობილები და შეიძლება პირველი ქრისტიანებიც“- აღნიშნა გელა ნიკოლეიშვილმა.
უფლებადამცველის თქმით, ისიც აღსანიშნავია, რომ ომი ყოველთვის გარკვეული ქონების დაგროვების საშუალებაა.
„ვფიქრობ ძირითადად ეს ორი მოტივი ამოძრავებთ არა მხოლოდ პანკისელებს, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებიდან წასულ მუსულმანებსაც. ერთი — შაჰიდად გახდომა და სამოთხეში მოხვედრა, ხოლო მეორე კი ქონების დაგროვება. კონკრეტულად ვისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია, ეს უკვე ინდივიდუალური მომენტია“- მიაჩნია ნიკოლეიშვილს.
დაუზუსტებელი მონაცემებით საქართველოდან სხვადასხვა ისლამურ დაჯგუფებებში რამდენიმე ათეული ადამიანი იბრძვის.
„მათი რიცხვი 150-ზე მეტი არ იქნება და პროცენტულად თუ ვიანგარიშებთ სხვა ქვეყნებიდან იქ წასულების რიცხვი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე საქართველოდან. არიან ადამიანებიც, რომლებმაც იქიდან წამოსვლა და საქართველოში დაბრუნება მოახერხეს“ — განახცადა ნიკოლეიშვილმა.
ქართულ მედიაში დღეს გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში, საბრძოლო მოქმედებების დროს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრები, 39 წლის ომარ მარგოშვილი დაიღუპა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მარგოშვილი ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო და ახმედ ჩატაევის დაჯგუფება „იარმუკში“ იბრძოდა. ის საქართველოდან თურქეთში 2015 წელს წავიდა, საიდანაც სირიაში გადავიდა.
როგორც ცნობილია, გუშინ სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში უკვე 17 პანკისელი დაიღუპა.