თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. რუსეთის სახალხო არტისტმა და რუსეთის თეატრალური მოღვაწეთა კავშირის თანათავმჯდომარემ ალექსანდრე კალიაგინმა გამოჩენილ ქართველი რეჟისორს და სცენარისტს რეზო გაბრიაძეს იუბილე მიულოცა.
დიდ მწერალს, მხატვარსა და მარიონეტების თეატრის დამაარსებელს დღეს 80 წელი შეუსრულდა.
„თქვენი შემოქმედება მთელ მსოფლიოში აღიარებულია, და ეს სიამყის გრძნობას იწვევს როგორც თქვენს თანამემამულეებში, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე მრავალმილიონიან აუდიტორიაში. თქვენი კინოსცენარებით გადაღებულ ფილმებს ყველა თაობის ადამიანები უყურებენ, თქვენ ხატავთ სურათებს, ძერწავთ, ხაზავთ, 35 წლის წინ თქვენს მიერ შექმნილი მარიონეტების თეატრი კი საქართველოს ეროვნული საგანძურია“,- წერს მისალოც წერილში კალიაგინი.
„დაე ყოველი დღე თქვენთვის შემოქმედების სიხარულით და ბედნიერებით აივსოს. თქვენი ახლობლების სიყვარული, ყურადღება და ზრუნვა არ მოგკლებოდეთ! ყველა თქვენი სურვილი აგისრულდეთ! ყველაფერ კარგს გისურვებთ“, — უსურვა კალიაგინმა გაბრიაძეს.
რევაზ(რეზო) ლევანის ძე გაბრიაძე — ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი, დრამატურგი, მხატვარი და მოქანდაკე. მარიონეტების თეატრის ხელმძღვანელი.
დაიბადა ქალაქ ქუთაისში. ავტორია 35-ზე მეტი ფილმის სცენარისა, რომელთა შორისაა: “არაჩვეულებრივი გამოფენა”, “არ დაიდარდო”, „პასპორტი“, “ქვევრი”, “შერეკილები”, “მიმინო”,“ქინძაძა” და სხვა.
90–იან წლებში რეზო გაბრიაძე მუშაობდა შვეიცარიასა და საფრანგეთში, სადაც ორი დრამატული სპექტაკლი დადგა: „რა მოსაწყენია – ხეივნის დასასრული“ ლოზანაში და „ქუთაისი“ პარიზში.
1994 წელს გაბრიაძემ დადგა სპექტაკლი „სტალინგრადი“, რომლის პრემიერა 1996 წელს საფრანგეთში შედგა.
2004 წელს გაბრიაძემ დადგა პიესა „აკრძალული შობა, ანუ ექიმი და ავადმყოფი“, რომლის პრემიერა ნიუ-იორკში შედგა.
გაბრიაძე-მხატვარი, მოქანდაკე და წიგნის გრაფიკის ოსტატია. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, პარიზში. მისი ფერწერული, გრაფიკული ნამუშევრები და ქანდაკებები რუსეთის, გერმანიის, ისრაელის, აშშ-ს, საფრანგეთისა და იაპონიის მრავალ კერძო და სახელმწიფო კოლექციაში ინახება.
რეზო გაბრიაძე არის –სსრკ–ს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი(1989), შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1989), ლაურეატი პრემიებისა: „ნიკა“, „ტრიუმფი“, „ოქროს ნიღაბი“, ასევე საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორის წოდების მფლობელია.