თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. მდინარე თერგი სპეციალისტებმა, შესაძლოა, დღის ბოლოს თავის კალაპოტში დააბრუნონ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
კოკისპირული წვიმებისა და ღვარცოფის გამო 23 ივნისს მდინარე თერგმა კალაპოტი შეიცვალა და საქართველოს სამხედრო გზის 134-ე–135-ე კმ-ზე მონაკვეთი მთლიანად წალეკა. ამალი-დევდორაკის ხეობაში, საშიშ ზონაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამჟამად აკრძალულია. წინასწარი მონაცემებით, გზის აღდგენის სამუშაოებს დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება.
„თუ მეტეოროლოგიური პირობები ხელს არ შეგვიშლის, მდინარე თერგის თავის კალაპოტში დაბრუნებას დღის ბოლოსთვის ვვარაუდობთ. ამ წუთებში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული“, — განაცხადა სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
მანამდე მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ გზის აღდგენის სამუშაოების დაწყება მხოლოდ მდინარეების დევდორაკისა და თერგის კალაპოტში დაბრუნების შემდეგ იქნება შესაძლებელი.