თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. დარიალის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, იტყობინება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა, მდინარე თერგის კალაპოტში სამუშაოები აქტიურად ხორციელდება, რათა მოხდეს თერგის ბუნებრივ კალაპოტში დაბრუნება და უშუალოდ გზის ყრილის მოწყობის სამუშაოებზე გადასვლა.
23 ივნისს 18:00 საათზე, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის დარიალის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო, კმ134-კმ135 მონაკვეთზე, საშიშ ზონაში აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ძლიერი წვიმების შედეგად, დევდორაკის ხეობიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა გადაკეტა მდინარე თერგის კალაპოტი, რის შედეგადაც მდინარე თერგმა შეიცვალა მიმართულება და მოვარდნილმა წყალმა წაიღო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის დაახლოებით 800 მეტრიანი მონაკვეთი.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს.