თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. სტამბულის აეროპორტში აფეთქებების შედეგად დაშავებულთა ან დაღუპულთა შორის, 11:30 საათის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ ბრიფინგზე.
სტამბულის ათათურქის აეროპორტში აფეთქებები საერთაშორისო ტერმინალის შესასვლელში, გამოსასვლელსა და ავტოსადგომზე სამშაბათს, 22:15 საათზე მოხდა. დაიღუპა 36 ადამიანი, 147 დაიჭრა. ამ დროისთვის 36-დან 27 ცხედარი ამოცნობილია, იუწყებიან საინფორმაციო საშუალებები.
„მინდა დავადასტურო, რომ დაღუპულთა და დაზარალებულთა შორის ჩვენი თანამემამულეების ყოფნა ჯერ კიდევ არ დასტურდება. მაგრამ მონაცემები დინამიურად იცვლება და, სამწუხაროდ, დაღუპულთა და დაზარალებულთა რაოდენობაც იცვლება, ამიტომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეცვლილი ინფორმაცია მივიღოთ. ახლა ოპერატიული კავშირის რეჟიმში ვიმყოფებით“, — განაცხადა ჯალაღანიამ.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა სამშობლოში დააბრუნოს ის მოქალაქეები, რომლებმაც აფეთქებების გამო გამოფრენა ვერ შეძლეს.
„ის მოქალაქეები, რომლებმაც გამოფრენა ვერ შეძლეს, სასტუმროებში არიან მოთავსებული, 120-დან 60 მოქალაქის სასტუმროს ხარჯებს სახელმწიფო იხდის“, — განაცხადა ჯალაღანიამ.
მინისტრის მოადგილემ თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს.
ინფორმაცია ორი დაშავებული ქართველის შესახებ მანამდე ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა.
ტელეარხ NTV-ს მონაცემებით, ამოცნობილი ცხედრებიდან 26 თურქეთის მოქალაქე იყო, ხოლო ერთი — უცხოელი. თავისი მოქალაქის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ირანმა დაადასტურა.