თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოლაპარაკებებს აწარმოებს ავიაკომპანიებთან, რათა სამშობლოში გადმოიყვანოს დაახლოებით 120 მოქალაქე, რომლებიც აფეთქებების გამო სტამბულიდან საქართველოში ვერ გამოფრინდნენ, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
სტამბულის ათათურქის აეროპორტში აფეთქებები საერთაშორისო ტერმინალის შესასვლელში, გამოსასვლელსა და ავტოსადგომზე სამშაბათს, 22:15 საათზე მოხდა. დაიღუპა 36 ადამიანი, 147 დაიჭრა. დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
„ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად მთელი ღამე კავშირი გვქონდა იმ ქართველებთან, რომლებიც აეროპორტში იმყოფებოდნენ. 120-მდე ადამიანი სასტუმროებშია გადაყვანილი. ამჟამად ავიაკომპანიებთან ვმუშაობთ, რათა ჩვენი მოქალაქეები, რაც შეიძლება მალე, საქართველოში გადმოვიყვანოთ“, — განუცხადა ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს.
მან არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ აფეთქებების დროს საქართველოს მოქალაქეები დაშავდნენ.
„ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან“, — განაცხადა ქუმსიშვილმა.