თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტამბულის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო თურქ ხალხსა და მთავრობას მიუსამძიმრეს.
სტამბულის ათათურქის აეროპორტში აფეთქებები აეროპორტის საერთაშორისო ტერმინალის შესასვლელში, გამოსასვლელსა და ავტოსადგომზე სამშაბათს, 22:15 საათზე მოხდა. დაიღუპა 36 ადამიანი, 147 დაიჭრა.
„შეძრწუნებული ვარ სტამბულის ათათურქის აეროპორტში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ამ განსაცდელის ჟამს ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ თურქეთის ხელისუფლებას და თურქ ხალხს ტერორიზმთან ბრძოლაში”, — დაწერა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მარგველაშვილმა.
თურქ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც.
„უკიდურეს მწუხარებას გამოვთქვამ სტამბულის ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების გამო, რასაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, არიან დაშავებულებიც. შეძრწუნებული ვარ უდანაშაულო ადამიანების მიმართ ჩადენილი ვერაგული აქტით. ეს სისასტიკე მთელმა მსოფლიომ საერთო ძალისხმევით უნდა შეაჩეროს. ამ მძიმე წუთებში გამძლეობას ვუსურვებ თურქ ხალხს და თურქეთის მთავრობას”, — ნათქვამია მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, პირველადი მონაცემები მეტყველებს, რომ აეროპორტზე თავდასხმის უკან რადიკალური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დგას.