თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. პანკისის მკვიდრის ასლანბეკ ბორჩაშვილის მშობლები სირიაში მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ, ახმეტის რაიონის ადმინისტრაციის უფროსოს მოადგილეზე მათე ქავთარაშვილზე დაყრდნობით იუწყება საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия".
ქართულმა მასმედიამ სამშაბათს ბორჩაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ მონაცემებით, ასლანბეკი თავის ბიძაშვილ ამირანთან ერთად ერთი წლის წინ თურქეთში სამუშაოდ წავიდა. მოგვიანებით ისინი სირიაში აღმოჩნდნენ, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში შევიდნენ.
„მე დავრეკე და გადავამოწმე. მშობლები შვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ“, — განაცხადა ქავთრაშვილმა.
22 წლის ასლანბეკ ბორჩაშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ცხოვრობდა ახმეტის რაიონის სოფელ დუმისტურში.
ასლანბეკ და ამირან ბორჩაშვილები იმ ხუთი ახალგაზრდას რიცხვში შედიან, რომლებიც სუს-ის მონაცემებით, პანკისის ხეობის იმამმა — აიუფ ბორჩაშვილმა "ისლამური სახელმწიფოს" მხარეს გადაიბირა და სირიაში მოტყუებით გადაიყვანა, აღნიშნა „კახეთის საინფორმაციო ცენტრმა“.
ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის და ადამიანების "ისლამური სახელმწიფოს" მხარეზე გადაბირების ბრალდებით დაკავებულ პანკისის ხეობის მკვიდრ აიუფ ბორჩაშვილს 14 წლამდე პატიმრობა მიესაჯა.
სხვადასხვა გათვლებით, სირიაში პანკისის ხეობის 14-დან 16-მდე მკვიდრი დაიღუპა.
ექსპერტები თვლიან, რომ „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში პანკისის ხეობის ათობით მკვიდრი ჩაეწერა და სირიაში წავიდა. მათგან ყვალაზე ცნობილი — თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ უმარ აშ-შიშანი დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი გახდა. 2016 წლის 4 მარტს ის მოკლეს.