თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის აბუ ომარ აშ-შიშანის (თარხან ბათირაშვილი) ოჯახი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას მისი გარდაცვალების შესახებ, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს გამგეობის წარმომადგენელ ოთარ მუთოშვილზე დაყრდნობით.
სამშაბათს პენტაგონის პრეს-მდივანმა პიტერ კუკმა სირიაში აშშ-ის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად დაჭრილი აშ-შიშანის გარდაცვალება ივარაუდა.
„ტელევიზიით რასაც გადასცემენ, ვიცით. ოჯახში ფაქტს არ ადასტურებენ და არაფერი იციან. ჯერჯერობით არაფერი ხდება. თუ ჩვენთან რაიმე ხდება, ყველა მოდის და გისამძიმრებს, ახლა კი მსგავსი არაფერი ხდება“, — ციტირებს სააგენტო მუთოშვილის სიტყვებს.
თარხან ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო საშუალებებში არაერთხელ გავრცელდა, თუმცა არასდროს დადასტურებულა.
თარხან ბათირაშვილი, რომელიც საქართველოში დაიბადა, სამხედრო მოსამსახურე იყო. ქვეყნის დატოვების შემდეგ იგი ახლო აღმოსავლეთში სათავეში ჩაუდგა დაჯგუფება „ჯეიშ-ალ-მუჰაჯირინ-ვალ-ანსარს“, შემდეგ კი „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა.
2013 წელს ბათირაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურად დანიშნეს სირიის ჩრდილოეთში — ალეპოს, რაქას, ლატაკიასა და იდლიბის პროვინციებში.
ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ამჟამად მსოფლიო უშიშროებისთვის ერთ–ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. რამდენიმე წლის განმავლობაში ტერორისტებმა ერაყისა და სირიის მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიპყრეს; გარდა ამისა, ისინი ცდილობენ, თავისი გავლენა გაავრცელონ ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში, კერძოდ, ლიბიაში.