თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. საქართველოში საზოგადოების პოლიტიკურ პოლარიზაციას ბოლო უნდა მოეროს, ჟურნალისტებთან განაცხდა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
"საერთოდ, არანორმალურია, რომ საქართველოში, ადამიანები ცხოვრობენ, სუნთქავენ და იკვებებიან პოლიტიკით. მგონია, რომ ეს ოდესღაც უნდა დამთავრდეს და ამ პოლარიზაციას ჩვენ ბოლოს მოვუღებთ. ეს არის ევოლუციური საკითხი და ერთ დღეში გადასაწყვეტი არ არის", — აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა, რომლის კომენტარი მთავრობის გვერდზეა გამოქვეყნებული.
ერთ-ერთი მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ ებრძვის საზოგადოების პოლარიზაციას მთავრობა, 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გახდება.
„ჩვენ მოწოდებული ვართ, ჩავატაროთ ერთ-ერთი საუკეთესო დემოკრატიული არჩევნები საქართველოს უახლეს ისტორიაში და ვაჩვენოთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი 2012 წლის არჩევნების შემდეგ, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეფასდა, როგორც დემოკრატიული არჩევნები, მხოლოდ იმის გამო, რომ მოხდა ხელისუფლების ცვლილება“,-განმარტა კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნები წინასაარჩევნო პერიოდიდან გამომდინარე დემოკრატიულად არ შეიძლება ჩაითვალოს.
„იყო უზარმაზარი ზეწოლა ოპოზიციასა და ნებისმიერ განსხვავებულ აზრზე. ჩვენ ვაჩვენებთ აბსოლუტურად განსხვავებულ სტანდარტს და ეს იქნება ნამდვილად დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.
ამ დროს მან რწმენა გამოხატა, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, რომლის თავმჯდომარეც ის არის, არჩევნების შედეგად პარლამენტში 150-ი ადგილიდან 100-ზე მეტს მოიპოვებს.
ამ დროისათვის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკო-ს 48 პარტიამ მიმართა. მათგან 13 პარტია დაარეგისტრირეს, ორს კი უარი ეთქვა.