თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმედოვნებს, რომ სახელმწიფო დუმაში დეპუტატობის კანდიდატები პარტია „ედინაია როსიადან“ არჩევნების მსვლელობისას პატიოსანი და კეთილსინდისიერი კონკურენციის მაგალითს აჩვენებენ. მათ უნდა იგრძნონ, რა სჭირდებათ ადამიანებს და ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის განწყობილი უნდა იყვნენ უანგარო, ნაყოფიერი მუშაობისთვის, აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი".
„მოქალაქეები დაინტერესებული არიან პროფესიონალი კანდიდატების გამარჯვებაში, ვინც გრძნობს, იცის, რა სჭირდებათ ადამიანებს, ვინც ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის უანგარო, ნაყოფიერი მუშაობისთვის არის განწყობილი. ყველა ეს თვისება უნდა გააჩნდეს „ედინაია როსიას“ კანდიდატებს, რომლებსაც დღეს წარადგენთ. ასევე იმედი მაქვს, რომ ისინი აჩვენებენ პატიოსანი და კეთილსინდისიერი კონკურენციის მაგალითს“, – განაცხადა პუტინმა ორშაბათს, „ედინაია როსიას“ წინასაარჩევნო ყრილობაზე.
„მაისში კანდიდატების შერჩევის წინასწარი კენჭისყრა ჩავატარეთ. ის პირველად ჩატარდა ასე მასშტაბურად, მასში მონაწილეობა ათ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. აქ გამოვლინდა პირდაპირი დემოკრატიის პრინციპებისადმი „ედიანაია როსიას“ ერთგულება, ხოლო პარტიამ საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგი მიიღო. ესაა ახალი ძლიერი კანდიდატები სახელმწიფო სათათბიროში“, – აღნიშნა პუტინმა.