თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. ცენტრალურ აფრიკაში მომსახურე ქართველი სამხედროების მონაწილეობა მცირეწლოვანთა გაუპატიურებაში არ დასტურდება, ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა დღეს გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით განაცხადა.
2016 წლის იანვარში გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ზეიდ რაალ ალ ჰუსეინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მცხოვრებმა, დაზარალებულმა მცირეწლოვანმა გოგონებმა, ჯერ კიდევ 2014 წელს მოუთხრეს გაეროს წარმომადგენლებს უცხოელი სამხედროების მხრიდან გაუპატიურების ფაქტებზე. ამასთან სამმა მათგანმა ქართველ სამხედროებზე მიუთითა.
„მე ჯერ კიდევ მაშინ გითხარით თქვენ, რომ მე მაქვს ფაქტიური მიზეზი იმისა რომ მჯეროდეს, რომ ეს სიცრუეა. ეს მიზეზი უკვე დადასტურებულია… საქმის შესწავლით საქართველოში და იმ საგამოძიებო ქმედებებით რომელიც ცარ-ში ჩავატარეთ“, თქვა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ხიდაშელმა.
ამასთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გააკრიტიკა გაერო დაუსაბუთებელი განცხადებებისა და ქართული მხარის მიმართ გამოთქმული ბრალდებების გამო.
„ჩვენ სერიოზული განაცხადი გვაქვს გაეროს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობაზე. მანამ სანამ ეს ბრალდება ჰაერში ჰკიდია, შეუძლებელია რაიმე საგნობრივ თანამშრომლობაზე საუბარი ორგანიზაციასთან, რომელსაც შეუძლია ასე უბრალოდ დაადანაშაულოს ყველა შეიარაღებული ძალები ძალიან მძიმე დანაშაულში“, — აღნიშნა მინისტრმა.