თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. თურქეთი სირიაში დაღუპული მფრინავის ოჯახის „ტკივილს იზიარებს“, აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი გზავნილში, იუწყება კრემლის პრეს-სამსახური.
„მინდა დაღუპული რუსი მფრინავის ოჯახს თანაგრძნობა და დიდი სამძიმარი გამოვუცხადო და ბოდიშს ვუხდი. მთელი გულით ვიზიარებ მათ ტკივილს. რუსი მფრინავის ოჯახს აღვიქვამთ, როგორც თურქულ ოჯახს. ტკივილისა და მიყენებული ზარალის სიმძიმის შემსუბუქებისთვის ნებისმიერი ინიციატივისთვის მზად ვართ“, — ნათქვამია გზავნილში.
როგორც გზავნილშია აღნიშნული, თურქეთის მოქალაქის მიმართ, „რომლის სახელიც რუსი მფრინავის სიკვდილთან ასოცირდება, დაიწყო სასამართლო გამოძიება“.
„ერდოღანი მომხდართან დაკავშირებით სინანულს გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ მზადაა, ყველაფერი გააკეთოს თურქეთსა და რუსეთს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობების აღსადგენად, ასევე, ერთობლივად მოახდინოს რეაგირება რეგიონში კრიზისულ მოვლენებზე, ებრძოლოს ტერორიზმს“, — აღნიშნავს კრემლის პრეს-სამსახური.
რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები სუ-24-თან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის შემდეგ გამწვავდა. თვითმფრინავი სირიაში თურქულმა სამხედრო-საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამას „ზურგში დარტყმა“ უწოდა.