თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძემ დღეს თანამდებობა დატოვა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, დოლიძე პოლიტიკურ კარიერას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააგრძელებს. კერძოდ, ის გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი გახდება.
ანა დოლიძის გადადგომისა და მისი მომავლის შესახებ დეტალები ცნობილი მოგვიანებით გახდება.
ორი კვირის წინ საქართველოს პარლამენტმა ანა დოლიძის კანდიდატურას საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე მხარი არ დაუჭირა.
დოლიძე თავდაცვის მინისტრის მოადგილედ გასული წლის მაისში, მას შემდეგ დაინიშნა, რაც საქართველოს მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრად თინათინ ხიდაშელი დანიშნა.
ანა დოლიძე იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორია. სწავლობდა აშშ-ში კორნელის უნივერსიტეტში. 2004 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარედ აირჩიეს.
2013 წელს დასავლეთ ონტარიოს სამართლის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი გახდა.
მუშაობდა ისეთ უფლებადამცველ ორგანიზაციებში, როგორებიცაა Russia Justice Initiative და Human Rights Watch.