თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ორშაბათს პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან დაგეგმილ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს განიხილავს.
როგორც მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყებოდა, ღონისძიებაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას ორი ქვეყნის სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენლები.
კონსულტაციების მსვლელობისას დაგეგმილია ქართულ-რუსული ურთიერთობების ორმხრივი პრაქტიკული საკითხების განხილვა, განაცხადეს უწყებაში.
საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წელს არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს.
ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს. შეხვედრის ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს, მათზე ვაჭრობის, ტრანსპორტისა და კულტურილ-ჰუმანიტარულ სფეროებში ურთიერთობის საკითხები განიხილება.