თბილისი, 24 ივნისი —Sputnik. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც სოჭში 1 ივლისს გაიმართება, მონაწილეობას საქართველოს სს მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიიღებს, განუცხადეს РИА Новости-ს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში.
„საგარეო საქმეთა მინისტრი მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად სოჭში გაემგზავრება, თუმცა ვერ დავაზუსტებთ, რა დონეზე ჩატარდება შეხვედრები და რა შემადგენლობის იქნება ქართული დელეგაცია“,- განაცხადეს სამინისტროში.
დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ ჯანელიძის ვიზიტი სოჭში იქნება ქართული ხელისუფლების მაღალჩინოსანი წარმომადგენლის პირველი ვიზიტი რუსეთში.
საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წელს არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს.
ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს. შეხვედრის ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს, მათზე ვაჭრობის, ტრანსპორტისა და კულტურილ-ჰუმანიტარულ სფეროებში ურთიერთობის საკითხები განიხილება.
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია 1992 წლის 25 ივნისს როგორც რეგიონალური ინიციატივა შეიქმნა. 1999 წლის მაისის მერე მისი წესდების ძალაში შესვლის შემდეგ ის სრულფორმატიან საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს. მის შემადგენლობაში შედიან აზერბაიჯანი, ალბანეთი, სომხეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, საქართველო, მოლდოვა, რუსეთი, რუმინეთი, სერბეთი, თურქეთი და უკრაინა, დამკვირვებლის სტატუსით კი 12 ქვეყანა და ოთხი ორგანიზაცია.
ორგანიზაციის ფარგლებში ასევე მოქმედებენ BSEC-ის საპარლამენტო ასამბლეა, ვაჭრობისა და განვითარების შავი ზღვის ბანკი, შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრი და საქმიანი საბჭო.