თბილისი, 16 მარტი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ორმხრივი ურთიერთობების ამ ეტაპზე საქართველოსა და რუსეთის ლიდერების შეხვედრას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.
საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.
„როგორ შეიძლება იმ ატმოსფეროში, როდესაც ბევრი ქართველი პოლიტიკოსი რუსეთს ყველა სასიკვდილო ცოდვაში დებს ბრალს, არ გავიმეორებ სულელურ განცხადებებს, როგორ შეიძლება ორი სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრაზე საუბარი! ეს, უბრალოდ, სასაცილოა“, — განუცხადა კარასინმა ჟურნალისტებს პრაღაში.
მსგავსი შეხვედრები უნდა მომზადდეს, და მათი ჩატარება რაღაც დაძაბულ და მტრულ ვითარებაში ვერ ჩატარდება, აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.
„ახლა მთავარი საფრთხე საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და პროვოკაციული ანტირუსული რიტორიკის აშკარა ზრდაა, რომელიც ისმის თბილისშიც და საერთაშორისო არენაზეც… ყველაზე საწყენი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის ისაა, რომ ამაზე ოფიციალური წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, მინისტრები და პრეზიდენტიც კი ლაპარაკობს“, — განმარტა კარასინმა.
მაგალითად მან საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადება მოიყვანა, რომელმაც, კარასინის თქმით, „ისიც კი თქვა, რომ ცივილიზებული სამყარო რუსული საფრთხის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს“.
„ღირსეულ საზოგადოებებში ასეთ განცხადებებს არ პატიობენ. ჩვენ ჯერჯერობით თავს ვიკავებთ, მაგრამ ვშიშობ, რომ ჩვენი მოთმინებაც უსაზღვრო არ არის“, — განაცხადა კარასინმა.
ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს. შეხვედრის ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს, მასზე ვაჭრობის, ტრანსპორტისა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში ურთიერთობის საკითხი.