თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. 25-26 ივნისს, თუშეთის ეროვნულ პარკში ტურისტული სეზონის გახსნისადმი მიძღვნილი ფესტივალი „მზე მოე“ გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები Facebook-ის გვერდზე.
ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ და მონაწილეობაც კი მიიღონ ტრადიციულ სპორტულ თამაშებსა და ღონისძიებებში, ასევე ეზიარონ ადგილობრივ ხელოვნებას, შეიძინონ ადგილობრივი ხელსაქმის ნიმუშები, დააგემოვნონ თუშური კერძები(ხინკალი, ხაჭო-ერბო და სხვ.)
ტრადიციული თამაშებისა და სამზარეულოს ფესტივალში თუშეთის 50-მდე სოფლის მოსახლეობა იქნება ჩართული.
ფესტივალი 25 ივნისს დღის სამ საათზე გაიხსნება, გახსნის ცერემონიის შემდეგ დაიწყება სხვადასხვა ღონისძიებები და მათ შორის ნაჩვენები იქნება თუშეთის და თუში ხალხის ცხოვრების მოკლე ისტორიული მიმოხილვა, გაიმართება ლელა თათარაიძისა და ჯგუფ "კესანეს" ფოლკლორული კონცერტი, ჩატარდება ხრიდოლიც (ქართული სდაბრძოლო ხელოვნება), ასევე გამოფენა-გაყიდვა, დოღი,ჯგუფ „ბანის“ კონცერტი.
26 ივნისს თუშეთის ეროვნულ პარკში მოეწყობა სალაშქრო და საცხენოსნო ტურები.
ფესტივალს მხარდაჭერას უწევენ: ჩეხეთის განვითარების სააგენტო, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ); კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) და „სამხრეთ კავკასიის ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნო (TJS).