თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „რაგბი ევროპის" 96-ე გენერალური ასამბლეის გახსნას დაესწრო. ასამბლეას თბილისი მასპინძლობს, იუწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური.
პრემიერმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რაგბის დიდი მხარდაჭერა აქვს. კვირიკაშვილმა ქართველ მორაგბეებს საქართველოს სახელის დაცვისთვის მადლობაც გადაუხადა.
„როგორც ბატონმა ოქტავიან მორარიუსმა (პრეზიდენტი) აღნიშნა, მართლაც საქართველო გახდა რაგბის ქვეყანა. მინდა სიამოვნებით აღვნიშნო გასული წლის გაეროს გენერალური ასამბლეა ნიუ-იორკში… როდესაც მე ნათლად დავინახე, რომ საქართველოს ყველა აღიქვამდა, როგორც რაგბის ქვეყანას“, — აღნიშნა პრემიერმა.
კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ „რაგბი ევროპის" გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რაგბის განვითარების საქმეში.
"რაგბი ევროპის" გენერალურ ასამბლეას ესწრებიან პრეზიდენტი ოქტავიან მორარიუსი და სხვადასხვა ქვეყნის 75 დელეგატი. ღონისძიება ორ დღეს გაგრძელდება.