თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ამალი-დევდორაკის ხეობიდან დაახლოებით 200 ადამიანია ევაკუირებული, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ ქვეყნის შსს-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
23 ივნისს კოკისპირული წვიმებისა და ღვარცოფის გამო მდინარე თერგმა კალაპოტი შეიცვალა და საქართველოს სამხედრო გზის 134-135-ე მონაკვეთი მთლიანად წალეკა. ამალი-დევდორაკის ხეობაში, საშიშ ზონაში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
„მოქალაქეების ევაკუაცია ამალი-დევდორაკის ხეობიდან დასრულდა. ორასამდე ადამიანი სტეფანწმინდაშია გადაყვანილი. ნაწილი მიკროავტობუსებით თბილისში გამოამგზავრეს. სამაშველო ოპერაციაში საქართველოს შსს-ს ორი ვერტმფრენი მონაწილეობდა“, — განაცხადა შსს-ს თანამშრომელმა.
ასევე ორი ვერტმფრენი გამოყვეს მათთვის, ვინც რუსეთში მიემგზავრებოდა. მათ საკონტროლო პუნქტამდე მიაცილებენ, სადაც პოლიცია მორიგეობს და სადაც დოკუმენტების შემოწმება მოხდება.
ხეობაში სტიქიის შედეგად განვითარებული მოვლენების გამო, დაახლოებით 70-მა ადამიანმა მამათა მონასტერს შეაფარა თავი.
საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ გზას ორი კვირის განმავლობაში გახსნის. ამჟამად ისინი გეოლოგების დასკვნას ელოდებიან, რათა ადგილზე სპეცტექნიკამ შეძლოს მუშაობა.