თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ქვეყნის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების პატიმრობაში ყოფნის პირობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, ექს-პრემიერი ვანო მერაბიშვილი, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და სხვა ყოფილი თანამდებობის პირები.
„დღეის მდგომარეობით, ყველა პატიმრის, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები გარანტირებულია ჩვენ დაწესებულებებში”, — განაცხადა კახიშვილმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე.
„პრეზიდენტმა, ამ საკითხის მაღალი სენსიტიურობიდან გამომდინარე, გადაწყვიტა, რომ უშუალოდ მინისტრისგან მიეღო ინფორმაცია სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით მათი კონსტიტუციით და კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების შესახებ. პრეზიდენტმა მინისტრისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ამ მხრივ პრობლემები არ არსებობს“, — განაცხადა კახა კოჟორიძემ.
რამდენიმე დღის წინ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“. სასამართლომ ჩათვალა, რომ წინასწარი პატიმრობის დროს ექს-პრემიერის უფლებები დაირღვა.
ამის შემდეგ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ვანო მერაბიშვილის საქმეზე „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.