თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენებს დილიდან გამოჰყავთ დარიალის ხეობიდან ადამიანები, რომლებმაც ღვარცოფის გამო თავი მამათა მონასტერს შეაფარეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
23 ივნისს კოკისპირული წვიმებისა და ღვარცოფის გამო მდინარე თერგმა კალაპოტი შეიცვალა და საქართველოს სამხედრო გზის 134-ე–135-ე კმ-ზე მონაკვეთი მთლიანად წალეკა. ამალი-დევდორაკის ხეობაში, საშიშ ზონაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
მამათა მონასტერს დაახლოებით 70-მა ადამიანმა შეაფარა თავი, მათ შორის ტურისტებმა და საკონტროლო-გამშვები პუნქტის თანამშრომლებმა.
ადგილზე მიჰყავთ სპეციალური ტექნიკა და გეოლოგები, რომლებიც არსებულ მდგომარეობას შეისწავლიან.
გზის აღდგენას, სულ ცოტა, 2-3 კვირა დასჭირდება.
სტიქიური პოროცესების გააქტიურებასთან დაკავშირებით მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება — სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და აღნიშნული სახელმწიფო უწყებების შესაბამისი სამსახურები.
„გზის აღდგენითი სამუშაოები ახლა ვერ დაიწყება, რადგან გარემოს დაცვის მონიტორინგის სამსახური მდინარის ნაკადის მონიტორინგს ატარებს… ველოდებით ნებართვას, რომ სამუშაოებს შევუდგეთ“, — განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გია სუჯაშვილმა.